Loader

WE WANT AMERICAN GENERALS!.. GENERAL MOTORS…

დიპლმატი  დენიელ ფრიდი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და საქართველოს მხარდამჭერია. ის საქართველოს უსაფრთხოების აუცილებლობაზე და განვითარებაზე საუბრობს.

 

  • ცივი ომი, ფორმალურად, დასრულდა თითქმის 30 წლის წინ… თუმცა, რუსეთი, განსაკუთრებით ბოლო 15 წელიწადია, ამბობს, რომ მან უნდა შეინარჩუნოს გავლენის სფეროები… და აკონტროლოს სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთისაგან დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებენ… რა მექანიზმები აქვს დასავლეთს, რომ შეაჩეროს რუსეთი?

 

დასავლეთს არასდროს უღიარებია და, მჯერა, არც აღიარებს, არც შეეგუება რუსეთის დომინირებას მის მეზობლებზე. პირადად მე გამოვყოფდი ორ ქვეყანას –  უკრაინას და საქართველოს. ორივე მათგანი განსაკუთრებითაა მონდომებული, უზრუნველჰყოს საკუთარი ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავალი. უნდა ვთქვა, რომ მათი დაცვისას დასავლეთი ყოველთვის როდი იყო სრულად წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იდეფერენტულები და პასიურები არც არასოდეს ვყოფილვართ, ჩვენ მაინც ვერ ავარიდეთ საქართველოს რუსეთის იერიში და ვერც უკრაინა დავიცავით თავდასხმისაგან. აგრესია ამ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ ჯიუტი  შემდგარი ფაქტია და საქართველოც და უკრაინაც მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით უპირისპირდებიან რუსეთის ფედერაციას. ამავე დროს, სწორედ უკრაინაში შეჭრის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს  სანქციები დაუწესა და ამერიკა ალბათ ანალოგიურად უნდა მოქცეულიყო საქართველოზე განხორციელებული იერიშის დროსაც. რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ აშშ-ს ხელისუფლება მას არ უჭერს მხარს ექსპანსიური პოლიტიკის განხორციელებაში, თუმცა, ვაღიარებ, გაცილებით მეტია გასაკეთებელი.

  • თქვენ ბრძანეთ, რომ უნდა გაკეთდეს მეტი… და მეტი უნდა გაკეთდეს მათ შორის არაკონვენციური ომის საწინააღმდეგოდაც… პროპაგანდა, რეალურად, მუშაობს… და ხშირად, როცა პროპაგანდას უპირისპირდება სიმართლე, ეს არაეფექტურია… როგორ უნდა ვიქცეოდეთ ამ პროცესში?

 

არ მგონია, შეცდომა იყოს პროპაგანდასთან ბრძოლა სიმართლის გავრცელებით. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ რუსულ დეზინფორმაციაზე და შეურაცხყოფილადაც კი ვგრძნობთ თავს. რა უნდა გავაკეთოთ? ვფიქრობ, რომ არსებობს რუსული პროპგანდის სამი დონე. პირველია პირდაპირი პროპაგანდა, რომელიც, ჩემი აზრით, ნაკლებად ეფექტურია უშუალოდ საქართველოში. – ერ-ტე-ერ-ს და სპუტნიკს არ ჰყავს ბევრი მაყურებელი საქართველოში და, შესაბამისად, პროპაგანდის ეს დონე საუკეთესოდ არ მუშაობს. მეორე სახის პროპაგანდა ფარული და შენიღბულია. ის მეტწილად სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. რუსეთი იყენებს  საბჭოთა ხერხებსაც, ყიდულობს ჟურნალისტებს და მათი გამოყენებით ავრცელებს ტყუიებს, აგრეთვე, დაკავებულია ტროლინგით. რუსეთის არსენალშია კიბერ-ჰაკერობა და ამით მედიაზე გავლენის მოხდენა. ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ სამივე დონეს. პირველ რიგში, უნდა გავაძლიეროთ მედია; უნდა დავეხმაროთ ტროლებზე “მონადირეე” საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც იძიებენ და ააშკარავებენ რუსულ დეზინფორმაციას. დიახ, ეს ეს რთული საქმეა, მაგრამ შედეგის მიღწევა რომ შეიძლება, ამას ცხადყოფს საფრანგეთის მაგალითიც – ამ ქვეყანაში რუსებმა ჰაკერული შეტევა განახორციელეს მაკრონის კამპანიაზე და  მისი  დისკრედიტაციის მიზნით მედიაში ცრუ ინფორმაციები გაავრცელეს. ფრანგებმა გამოაშკარავეს რუსეთის ზრახვები და წარმატებით შეებრძოლნენ მას. ყველაფერს მოჰყვა მძაფრი რეაქცია საზოგადოების მხრიდან და, შესაბამისად, რუსები დამარცხდნენ.  ამ მხრივ თუ ვიმსჯელებთ, ფრანგებმა წარმატებას მიაღწიეს. თუ საზოგადოება და სოციალური მედია იქნება აქტიური, ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელი.

 

  • საფრანგეთის მაგალითი კარგი თვალსაჩინოებაა და, ცხადია, გეთანხმებით… თუმცა, მიმდინარე არაკონვენციური ომი პარალელურად არსებობს კონვენციური ომის საფრთხეც… მაღალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს გადმოეცემა თავდაცვითი ახალი შესაძლებლობები… მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები… თუმცა, არსებობს ამგვარი მოსაზრებაც – რა აზრი აქვს საქართველოს შეიარაღებას, თუ ის მაინც დამარცხდება რუსეთთან ომში. მეც გკითხავთ – რა აზრი აქვს ჩვენს შეიარაღებას და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას?

 

მართებულია ლოგიკა, რომ საქართველო დამარცხდება კონვენციურ ომში, თუმცა ეს არაა და არც შეიძლება იყოს რამის საპირწონე.  NATO-ს და აშშ-ს ძალისხმევა, გაძლიერდეს ქართული თავდაცვა, არ გულისხმობს, რომ საქართველო აუცილებლად დაამარცხებს რუსეთს. ამ გაძლიერების მიზანია, რომ რუსეთისათვის  მტკივნეული იყოს აგრესია სუვერენულ საქართველოზე.  რას მოწმობს ფინეთის მაგალითი?  საბჭოთა კავშირმა დაამარცხა ფინეთი, თუმცა ბრძოლის ველზე გამარჯვება მას იმდენად ძვირი დაუჯდა, რომ ჰელსინკის დაპყრობა აღარც უცდია.ფინეთის მაგალითი თვალსაჩინოებაა, თუ რატომ უნდა გაძლიერდეს  საქართველოს სტრატეგიული თავდაცვითი სისტემა. რუსებმა უნდა დაინახონ, რომ ქართველებს გაქვთ ბრძოლის ჟინი და თქვენთან კიდევ ერთი ბრძოლა  მათ ძვირი, ძალიან ძვირი დაუჯდებათ.  ქართველებმა იცით რუსეთის ისტორია და, მოდი, ერთად გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი.რუსები  მტკიცედ იცავენ საკუთარ  სამშობლოს. თუმცა დაპყრობითი, აგრესიული ომის განხორციელებისას, ასეთივე წარმატებულები არ არიან. ამის მაგალითია ომი იაპონიასთან, ყირიმის ომი, ავღანეთის ომი. პირადად მე არავის ვურჩევდი თავდასხმას  რუსეთზე, მაგრამ ვიტყოდი, რომ მათი აგრესიისგან თავდაცვა არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ, როგორც არაერთხელაა დამტკიცებული, შესაძლებელიცაა. აი, ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე – რატომ არის აუცილებელი საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერება.

 

  • რუსეთმა ძვირი ფასი უნდა გადაიხადოს აგრესიის შემთხვევაში… თუმცა, ცხადია, სასურველია, კონვენციური დაპირისპირება არც მოხდეს… ახლა ნატოზე გკითხავთ – ალიანსზე, რომელსაც ჯერ კიდევ 2002 წელს მიუკაკუნა შევარდნაძემ… პრაღის სამიტიდან 6 წელიწდში, ბუქარესტში, ნატოს დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი… თუმცა, მას შემდეგ საქართველო ჯერაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოლოდინშია… ამავე დროს, სულ ვსაუბრობთ, რომ საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი… რა უნდა ვქნათ ამ პირობებში ჩვენ? მით უფრო, თუ ამთავითვე ვიცით, რომ რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა.

 

მე ვიყავი NATO-ს ბუქარესტის სმაიტზე და ეს თემა ჩემთვის მტკივნეულად ნაცნობია. საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ეს  წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, ალიანსი და ამერიკის შეერთებულმა შტატები, კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაცია აპირებენ, გააუმჯობესონ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და სამხედრო კავშირები თქვენს ქვეყანასთან. მე სწორედ ამაში ვხედავ განვითარების შესაძლებლობას.

საქართველომ მტკიცედ უნდა დაიცვას საკუთარი სწრაფვა NATO-კენ და ასევე პრაქტიკულადაც უნდა შესძლოს წინსვლა. საქართველოს  ვეტყოდი, რომ მან ხელიდან არ უნდა გაუშვას არც ერთი შესაძლებლობა. პირადად მე ნაკლებად  მჯერა გმირული გამარჯვებების, მე მჯერა შესაძლებლობების და მათი გამოყენების. მე მჯერა, თუნდაც ეტაპობრივად, მცირე შესაძლებლობების გამოყენებისა, რაც, საბოლოოდ, დიდ შესაძლებლობად იქცევა. მე არ მჯერა ხმამაღალი ჟესტების, მე მჯერა იმის, რომ არსებობს  პოტენციალი… საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების კავშირები ალიანსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

 

  •  ვისაუბროთ ტერორიზმზე… სირიაში განცდილი მარცხის შემდეგ, ISIS-ს საფრთხე შემცირდა ევროპაში, თუმცა ის მაინც არსებობს… და ის არსებობს საქართველოსთვისაც..

 

გეთანხმებით, რომ ISIS-ის შეტევების საფრთხე ევროპაში შემცირდა და მეც ვფიქრობ, რომ საქართველო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია თუნდაც იმიტომ, რომ მის მეზობლადაა ჩრდილო კავკასია, სადაც მწვავეა ისლამური ექსტრემიზმი. სწორედ ამის გამო, საქართველო, მიუხედავად ოკუპაციისა,   მზად უნდა იყოს თუნდაც რუსეთთან სამუშაოდ სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხადია, არ ვგულისხმობ კომპრომისს საკუთარ პრინციპებთან… ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ ესაა საერთო ბრძოლა, რომელშიც საქართველო სწორ მხარეს დგას დ საჭიროა დაიცვას თავისი პოზიცია.

 

  •  საქართველოში ბევრს აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ჩვენი ხმა არ ან ნაკლებად ისმის მსოფლიო ტრიბუნებზე… საქართველოში ჩვენს ქვეყანას ადარებენ ვთქვათ უკრაინას, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურია… რამდენად სწორია სტრატეგია, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ?

 

მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთის აგრესია სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ ყირიმსა და დონბასში არ დაწყებულა. ვიდრე 2014 წელი დადგებოდა, იყო 2008 წელი და იყო საქართველო.საქართველომ უნდა ისაუბროს  ინტეგრაციის აუცილებლობაზე და ხაზი უნდა გაუსვას, რომ არის თავისუფალი სამყაროს განუყოფელი ნაწილი…ეს არ ნიშნავს რუსეთის გაღიზიანებას.  საქართველომ უნდა ითანამშრომლოს რუსეთთანაც კი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა საქართველომ არ უნდა დაივიწყოს საკუთარი ეროვნული ინტერესები და სუვერენული  მისწრაფებები. თუ საქართველოს სურს, გახდეს დიდი ევროპული ოჯახისა და ტრანსატლანტიკური სივრცის ნაწილი, ის ამ გზას განუხრელად უნდა მიჰყვეს.

 

  • ბოლო შეკითხვა ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. როგორ უნდა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და რა არის ამ კუთხით საქართველოს მისია?

 

მიმაჩნია, რომ NATO-ს ბევრი წევრი და მათ შორის გამოვარჩევდი  რუმინეთს, შეშფოთებულია, რადგან შავ ზღვაზე ალიანსის  ქმედებები არ არის მსგავსი ბალტიის ღვაზე ალიანსის ქმედებებისა. მიმაჩნია, რომ საქართველოს როლიც სწორედ ისაა, რომ ალიანსს დაეხმაროს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრაქტიკული ქმედებების განხორციელებაში.საქართველოს მისიაა, დაეხმაროს რუმინეთს და აშშ-ს, ამ საკითხის აქტუალიზაციაში. აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს უსაფრთხოება, უპირველესად, დამოკიდებულია შიდა ინსტიტუციების გაძლიერებაზე; კანონის უზენაესობაზე, უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ჩამოსვლაზე  და მათი საკუთრების უფლების არსებობასა თუ უზრუნველყოფაზე. ეს ყველაფერი, ხელს შეუწყობს თქვენს ქვეყანას, რომ მან განავითაროს კავშირები დასავლეთთან.დაგისახელებთ მაგალითსაც –  1991 წელს ლეხ ვალენსას და პოლონელებს სურდათ გამხდარიყვნენ ალიანსის წევრები, თუმცა დასავლეთი ამაზე სასაუბროდ მზად არ იყო.მახსოვს, ლეხ ვალენსამ თქვა: I want american Generals, General Motors, General Dynamics, რაშიც გულისხმობდა იმას, რომ საკუთარ ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციით პოლონეთში შექმნიდა უფრო ძლიერ უსაფრთხოების სისტემას. შემდგომ წლებში ასე მოხდა კიდეც. პირველ რიგში პოლონეთის ეკონომიკა გაძლიერდა და მხოლოდ ამას მოჰყვა ალიანსის წევრობა.რა გააკეთა პოლონეთმა?   გააძლიერა პოლონეთის  უსაფრთხოების სისტემები, ამას მოჰყვა საგარეო უსაფრთხოების სისტემის განვითარება… საქართველომ არ უნდა შეასუსტოს  სწრაფვა ალიანსისკენ, თუმცა  წევრობა მოითხოვს სრულმასშტაბიან ეროვნულ ძალისხმევას, რეფორმებს. სწორედ ასე მოხდა  სხვა ქვეყნების შემთხვევაში… და იყო წარმატების თვალსაჩინოებები და საქართველოც სწორედ ასე უნდა მოიქცეს.