Loader

კრემლის საინფორმაციო ომი

დემნა დევდარიანი

ვაშინგტონი

 

სახელმწიფოთა გეო-პოლიტიკური მიზნები,რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ნაკარნახევია ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგით, რომლებიც მიიღწევა ხელისუფლებების მიერ, მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტიპის ბერკეტების გამოყენებით, რაც ხშირად სცდება სამართლებრივ თუ პოლიტიკური ეთიკურობის საზღვრებს. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და ინფორმაციის გავრცელების მასშტაბის ზრდასთან ერთად, თანამედროვე საზოგადოება კიდევ უფრო დაუცველია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, დაინტერესებული მხარის მიერ, მათი განწყობებით მანიპულირების მიმართ.

საინფორმაციო ომის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ინფორმაციის გავრცელების მასშტაბსა და ამ ინფორმაციის სიხშირეს ენიჭება. როგორც წესი, დაინტერესებული მხარე, მის დაქვემდებარებაში არსებული, სხვადასხვა მედია საშუალებებით ავრცელებს ცრუ ინფორმაცის, რომელიც მანიპულირებს საზოგადოებაში არსებული ფობიებით, ეთნო-ნაციონალური სენტიმენტებით და პირდაპირ ემსახურება პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლის საზოგადოების განწყობებს დაინტერესებული ქვეყნის სასარგებლოდ. საინფორმაციო ომის ტაქტიკა, მეთოდოლოგია და სტრატეგიული ამოცანები განსხვავებულია ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, თუმცა ემსახურება ერთ მიზანს – დაინტერესებული მხარისათვის პოლიტიკური გავლენისა და უპირატესობის მოპოვებას.

რუსეთის ფედერაციის მთავრობა წარმატებით იყენებს მის ხელთ არსებულ „ციფრულ უპირატესობას“ და მეთოდოლოგიურად ახდენს თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევას როგორც რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში. კრემლის პროპაგანდისტული ქსელი საკმაოდ მასშტაბური და მძლავრია, ის აერთიანებს თითქმის ყველა მედია საშუალებას, რომელიც რუსეთში ოპერირებს და პირდაპირ ექვემდებარება მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ტელეარხი Russia Today და სააგენტო Sputnik მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ენაზე მაუწყებლობენ და აერთიანებენ ათასამდე მცირე და საშუალო ზომის საინფორმაციო სააგენტოებს, ტელე-რადიო მაუწყებლებს, არასამთავრობო-რელიგიურ ორგანიზაციებს და ონლაინ-ბეჭდურ გამოცემებს.

პოლიტიკური დღის წესრიგით მომუშავე მედიის საშუალებით კრემლი წარმატებით აწარმოებს საინფორმაციო ომს დასავლეთის წინააღმდეგ და აღწევს თავის სტრატეგიულ მიზანს – ანტიდასავლური რიტორიკისა და ნარატივის გავრცელებით ის ახდენს რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერებას. ანტიდასავლური პროპაგანდა და ტყუილზე დაფუძნებული საინფორმაციო პროპაგანდა ძლიერია საქართველოშიც, რაზეც სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც ცხადყოფს. სტატიაში განხილულია კრემლის პროპაგანდისტული პოლიტიკის შედეგები საქართველოში, აგრეთვე, მსოფლიოს მასშტაბით, რუსეთის მიერ, სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის შემთხვევები. სტატია ასევე მოიცავს კრემლის საინფორმაციო ომთან ბრძოლის იმ მექანიზმების შესახებ ინფორმაციასა და შეფასებას, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნა შემუშავებული.

რუსული პროპაგანდა საქართველოში – მედია ანალიზი

საქართველოში კრემლის პროპაგანდის მიზანია მოსახლეობაში ანტიდასავლური დისკურსის გაძლიერება, ევროპული და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში გაურკვევლობის, შიშის დანერგვა და საბოლოოდ, დასავლეთთან ინტეგრაციის შეფერხება. კრემლის პროპაგანდა ძირითადად აქცენტებს აკეთებს ევროკავშირსა და ნატოს შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაზე, დასავლური ღირებულებების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენაზე, საქართველოს პარტნიორების მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივებასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაზე.

საქართველოში კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითად დასაყრდენად კვლავ მედია რჩება, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასევე ასრულებენ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოების წარმომადგენლები და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერი პირები. „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“, „ასავალ-დასავალი“, „ალია“, „Politicano”, ტელეარხი „ობიექტივი“ – მედიის ჩამოთვლილი მოთამაშეები ქმნიამ ანტიდასავლური ნარატივის და ავრცელებენ ღიად ანტიდასავლურ გზავნილებს საქართველოში. მედიის განვითარების ფონდის მიერ, 2016 წელს ჩატარებული კვლევის[1] თანახმად, მედიის საშუალებით გაკეთებული ანტიდასავლური გზავნილების საერთო რაოდეობიდან ყველაზე დიდი წილი, 32.7% იდენტობას, ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. კერძოდ, დასავლეთი წარმოჩენილი იყო, როგორც ჰომოსექსუალობისა და ქართველთათვის მიუღებელი ღირებულებებისგამავრცელებელი ძალა, ასევე ეროვნულ თვითმყოფადობასთან, ტრადიციებთან და მართლმადიდებლობასთან მებრძოლი, ხოლო რუსეთი – დასავლეთის საპირწონე. იმავე კვლევის თანახმად, გაზრდილია ნატოს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები (20.1%), რაც აისახა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებშიც, კერძოდ, NDI-ის 2017 წლის ანგარიშის[2] მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულ რესპოდენტთა მხოლოდ 66% უჭერს მხარს, როდესაც 2013-2014 წლებში, მხარდამჭერთა რაოდენობა 81%-ს შეადგენდა.

პროპაგანდის მეთოდოლოგია განსხვავებულია, თუმცა მედია საშუალებები ძირითადად იყენებენ შემდეგ მეთოდებს:

დეზინფორმაცია (fake news), კონსპირაცია, დემონიზაცია, საბჭოთა მითები, სატირულ იუმორისტული პუბლიკაციების რეალურ ამბად წარმოჩენა, ფოტო და ვიდეომანიპულაციები, შეცდომაში შემყვანი სათაურები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს არცერთი რელევანტური სახელმწიფო უწყების ოფიციალურ დოკუმენტში არ არის ასახული კრემლის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი, როგორც საფრთხე ქვეყნის უშიშროებისათვის, შესაბამისად არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც მეთოდოლოგიურად და კოორდინირებულად შეეწინააღმდეგებოდა რუსულ პროპაგანდას. აღნიშნულთან ბრძოლას ცალეკული არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ დონორთა მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში. სწორედ მსგავს პროექტებს ახორციელებენ მედიის განვითარების ფონდი (პროექტი – მითების დეტექტორი) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (პროექტი – factcheck). მედიის განვითარების ფონდის 2016 წლის კვლევაში – ანტიდასავლური პროპაგანდა, ასახულია მითების დეტექტორის მიერ გამოვლენილი კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ქართულმა მედია საშუალებებმა პირდაპირ მოახდინეს რუსული პირველწყაროს გამოყენება და ყალბი ინფორმაციის გავრცელება. 2016 წლის 28 იანვარს, საინფორმაციო სააგენტოებმა mediacity.ge და news.vitube.ge გაავრცელეს ერთმანეთის იდენტური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით იკრძალება ჩვილ ბავშვთა ნათლობა. აღნიშნული ამბის პირველწყარო კი იყო იტალიური გამოცემა ilgiomale.it და რუსული გამოცემა kominform.ru.

მსგავსი  გადაწყვეტილება ევროსასამართლოს  ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება და იტალიური გამოცემა thelocals.it- სცნობით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მის არსებობას უარყოფს. ენდრიუ მაკფარელი, რომელსაც kominform.ru თავის წყაროდ ასახელებს, the times-ის რედაქციის ცნობით, მათგამოცემაში არ მუშაობს.

იმავე წლის 23 დეკემბერს ქართულმა მედია საშუალებებმა: იბერია TV, kutaisitoday.com, news TV და tb24.ge გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოს ღორების პასპორტიზაციას ავალდებულებდა. აღნიშნული ინფორმაციის პირველწყაროს წარმოადგენდნენ რუსული გამოცემები: twopercentdaily.com, news2.ru, politikus.ru, mylove.ru. ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესი არ ითვალისწინებს ღორების პასპორტიზაციას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წინაშე ყველაზე მწვავედ დგას კრემლის პროპაგანდის აღიარების საკითხი, როგორც საფრთხე ეროვნული უშიშროებისათვის, რაც გულისხმობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში აღნიშნული საკითხის ჯეროვან ასახვასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას. აგრეთვე, უნდა განხორციელდეს რელევანტური სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად და გაიზარდოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის როლი აღნიშნული მიმართულებით. საჭიროა გამკაცრდეს საკანონმდებლო ბაზა და უზრუნველყოფილი იქნას მედია რეგულატორების ფართო უფლებამოსილებით აღჭურვა იმისათვის, რომ მაგალითად ონლაინ პლატფორმები დასპონსორებული კონტენტის მიმართ გახდნენ მეტად გამჭვირვალე და მომხმარებელმა შეძლოს რეკლამის დამკვეთთა იდენტიფიცირება. მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი საზოგადოებასთან. ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკა მოსახლეობაში მედია წიგნიერების ამაღლების მიმართულებით, რომელიც გაზრდის საზოგადოების ცნობიერების დონეს პროპაგანდის შესახებ და შესაბამისად, შეამცირებს კრემლის საინფორმაციო ომის გავლენას.

კრემლის პროპაგანდა საერთაშორისო კონტექსტში

კრემლის საინფრომაციო ომმა განსაკუთრებული მასშტაბი 2014 წლიდან შეიძინა, როდესაც რუსეთმა სამხედრო იერიში მიიტანა კიევის აღმოსავლეთ ნაწილზე და მოახდინა ყირიმის ოკუპაცია. ამ პერიოდის შემდეგ დაიწყო კრემლის საინფორმაციო სააგენტოების მიერ მასობრივი შეტევები უკრაინელ ჟურნალისტებზე და ყალბი ინფორმაციების უპრეცედენტო გავრცელება, სწორედ აღნიშნული გარემოება აღმოჩნდა დასავლეთისათვის მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ რუსული პროპაგანდა საჭიროებდა გაცილებით სერიოზულ აღქმას, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა ევროპისა თუ ამერიკის მიერ. 2015 წლის მარტში, ევროკავშირის ინსტიტუტების კოორდინაციით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი – East StratCom Task Force[3], რომლის მიზანიც კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლაა. აღნიშნული ჯგუფი შედგება 14 მკვლევარისგან, რომლებიც თანამშრომლობენ ოთხასამდე ჟურნალისტთან, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან ევროპის მასშტაბით, ისინი აგროვებენ, აანალიზებენ მონაცემებს და ახდენენ დეზინფორმაციის მიმოხილვების (reviews) შედგენას. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ჯგუფის დეზინფორმაციის მიმოხილვები (ჯგუფის ძირითადი საქმიანობა) არ წარმოადგენს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, რაც ამცირებს ჯგუფის საქმიანობის ლეგიტიმაციას. ხსენებული ჯგუფი არ ერთვება ანტი-დეზინფორმაციულ კამპანიაში და არ ისახავს მიზნად ტყუილი ინფორმაციის გამავრცელებლების იდეტიფიცირებას, „შავი სიების“ შედგენას, არამედ მიმართულია მხოლოდ დეზინოფრმაციის იდენტიფიცრებასა და გასწორებაზე. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ასუსტებს 14 წევრიანი ჯგუფის ეფექტიან ბრძოლას მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების მქონე რუსეთის საინფორმაციო ქსელის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, ევროკავშირი უძლურია კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ და მის მიერ შექმნილი East StratCom Task Force ადეკვატურად ვერ პასუხობს რუსეთის საინფორმაციო ომის გამოწვევებს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ევროკავშირს დაახლოებით 2 წელი (ყირიმის ანაქსიიდან) დასჭირდა შიდა პოზიციების შესაჯერებლად და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივი რეზოლუციის[4]მისაღებად, რომელიც ევროპარლამენტმა მხოლოდ 2016 წლის 23 ნოემბერს დაამტკიცა და ამით პირველად და ღიად დაადანაშაულა რუსეთი საინფორმაციო ომის წარმოებაში.

საგრძნობია რუსეთის საინფორმაციო ომის გავლენა ევროპის მასშტაბით ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე, როგორიც იყო BREXIT-ი, ავსტრიისა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, აგრეთვე, კატალონიის რეგიონის ესპანეთისაგან გამოყოფის რეფერენდუმი და ა.შ. ექსპერტები ღიად მოიაზრებენ კრემლის ეფექტურ პროპაგანდას ხსენებული მოვლენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუმცა დღემდე არ არსებობს ოფიციალურად დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ რუსეთი იდგა ამ მოვლენების უკან. 2018 წელი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური იქნება ევროპის კონტინენტზე. დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში, კვიპროსზე, ფინეთში, მონტენეგროში, უნგრეთში, იტალისა და ლატვიაში. მოსალოდნელია, რომ კრემლის პროპაგანდა გააძლიერდება აღნიშნულ ქვეყნებში და რუსეთი შეეცდება საკუთარი პოლიტიკური გავლენების მოპოვებას არაერთხელ აპრობირებული, საინფორმაციო ომის წარმატებული მეთოდებით.

 

 

 

 

აქტიური გამოძიება მიმდინარეობს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში, რომელიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხება, საუბარია როგორც კრემლის საინფორმაციო სააგენტოების მიერ კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატისათვის საზიანო, პროპაგანდისტული ამბების გავრცელებაზე, აგრეთვე, 3,300 Facebook ads-ის შეძენაზე რუსეთის მიერ, რომელიც ემსახურებოდა სამიზნე აუდიტორიის განწყობების შეცვლას საარჩევნო კამპანიის დროს. გარდა აღნიშნულისა, რუსეთის აგენტებმა აქტიურად გამოიყენეს „გუგლის“ საძიებო სისტემა და ათეულობით ათასი დოლარი დახარჯეს რეკლამების შესაძენად. მეთოდოლოგიური და ტაქტიკურად წარმატებული საინფორმაციო ომის პარალელურად, რუსეთი ასევე ახორციელებდა კიბერშეტევებს საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო შტაბების ვებ გვერდებზე და იღებდა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ მათ წინააღმდეგ იყენებდა. ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, რომლებიც ამერიკის მასშტაბით ოპერირებენ და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ებრძვიან რუსულ პროპაგანდას, აშშ-ში არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხსიმგებელი იქნებოდა რუსულიპროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

[1]მედიის განვითარების ფონდი. კვლევა: ანტიდასავლური პროპაგანდა, 2017. https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20poll_june%202017_ISSUES_GEO-VF.pdf

[2]NDI საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში, 2016. https://www.ndi.org/sites/default/files/NDI_June_2016%20poll_Public%20Issues_GEO_VFF%20%282%29.pdf

[3]East StratCom Task. https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage_en/2116/%20Questions%20and%20Answers%20about%20the%20East%20StratCom%20Task%20Force

[4]ევროკავშირის რეზოლუცია – „სტრატეგიული კომუნიკაცია ევროკავშირის წინააღმდეგ მესამე მხარეთა მიერ წარმოებული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“. 2015 წლის 23 ნოემბერი.http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?type=TA&reference=P8-TA-2016-0441&format=XML&language=EN