Loader

ჟურნალისტიკის კრიზისიდან ჰიბრიდულ საფრთხეებამდე – კობელი ოსების ამბავი

გიორგი მოლოდინი,

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრისაქართველო,

ხელმძღვანელი

 

ზოგადადაც ასეა  – რამდენადაც  ქართულ საინფორმაციო სივრცეში “ნეტგაზეთს”  ერთ-ერთი სანდო მედიასაშუალების იმიჯი აქვს, მის ბევრ პუბლიკაციას  ყოველთვის ინტერესით ვეცნობი. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის შენების საქმეში სტრატეგიული კომუნიკაციების როლისა და მნიშვნელობის კვლევით დაინტერესებული პირისათვის, განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა  2017 წლის ნოემბრის თვეში აღნიშნულ მედიასაშუალებაში  გამოქვეყნებულმა სტატიამ სათაურით – „რატომ არ შეუშვეს კობელი ოსები საქართველოში“.  

სტატიის ავტორია ცხინვალელი ალან პარასტაევი, რომელიც „ნეტგაზეთისა“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ზემოხსენებული მედიასაშუალების კონტრიბუტორი.

ვიდრე „ნეტგაზეთის“ კობელ ოსებზე გამოქვეყნებულ სტატის მივუბრუნდები ზოგადად მიმოვიხილავ რამდენიმე ასპექტს: საქართველო არის ევროპული დემოკრატიის ქვეყანაა, რომელიც დემოკრატიული და დინამიკურად განვითარებადი ინტერნეტ-კომუნიკაციების სივრცის ბუნებრივი წარმომადგენელია. თავის მხრივ, სწორედ მისი დემოკრატიული ბუნებისა და ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე, ინტერნეტი, მომხმარებლებისთვის ერთდროულად ქმნის შესაძლებლობებისა და რისკების პერსპექტივებს. სიტუციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ინტერნეტი ახალ განზომილებად დაემატა სამხედრო ხასიათის საბრძოლო მოქმედებების ტრადიციულ თეატრებს და ის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტირაჟირებით იპყრობს მოქალაქეების გულებსა და გონებას. ძირითადად, სწორედ ამ და სხვა გარემოებების გამო, “ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონმა” 2016 წლის სიტყვად “Post-Truth” დაასახელა.

ავტორიტეტული გამომცემლობის აზრით, ეს სიტყვა აღნიშნავს გარემოებას, როდესაც ობიექტური რეალობა და უტყუარი ფაქტები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ნაკლებად ეფექტიანია ვიდრე ემოციები და პირადი რწმენები. “Post-Truth” – ყველაზე ხშირად 2016 წელს გამოიყენებოდა და ამის მთავარი მიზეზი, ჟურნალისტიკის ჟანრ რეპორტაჟში ცრუ ინფორმაციის აქტიური გამოყენება იყო. მკვლევართა აზრით, ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალა ინფორმაციის მიწოდებისა და მოხმარების კულტურა და მასში წახალისებულია “სანახაობისა და ოპერატიულობის” ტანდემი. ამ რეალობიდან გამომდინარე, ტრადიციული ჟურნალისტიკა  საფრთხის წინაშეა რისი დასტურიცაა ვთქვათ აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მენეჯერის ფრაზა – „ალტერნატიული ფაქტები“. თუ ეს მაგალითი ვინმესთვის არადამაჯერებელია, მისთვის, შესაძლოა, უფრო სარწმუნო იყოს  „ყურის ძირში“ – რუსეთში მიმდინარე პროცესები ამ სფეროში – რუსეთი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით,  ინფორმაციას საკმაოდ ეფექტურად იყენებს.

ამ ვრცელი შესავლის შემდეგ მივუბრუნდეთ  პარასტაევის ხსენებულ სტატიას და ვთქვათ, რომ ის პირდაპირ კავშირშია აღწერილ ახალ რეალობასთან, რომელსაც “Post-Truth“ ვუწოდებთ და რომელსაც ძალიან ხალვათი კავშირი აქვს იმ საზოგადოებრივ სიკეთესთან, რომელსაც ჟურნალისტიკა და მედია უნდა ქმნიდეს.

ავტორის ეს სტატია არათუ არ ჯდება ჟურნალისტიკის ჩარჩოებში, არამედ, ვერც  საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებს და მეტიც – აბნევს და კიდევ უფრო აღიზიანებს კონფლიქტით დაშორიშორებულ ორივე მხარეს.

მაგალითისთვის, სტატიის ავტორი ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს ფაქტები, რომლებიც უბრალოდ, არ ჯგუფდება. ამონარიდი სტატიიდან: „როგორც ჩანს, თბილისს ყაზბეგის რაიონში ეთნიკური წმენდის დასაწყებად გაირბეგ სალბიევის განცხადების სახით საბაბი სჭირდებოდა. თუმცა, სინამდვილეში, რას ფიქრობენ ამ ხეობის ოსები, თბილისს უკვე აღარ აინტერესებს.ავტორი ცდილობს, რომ კობელი ოსების საზღვარზე არ შეშვების ფაქტი (თუ ასეთი შემთხხვევა საერთოდ იყო) დაუკავშიროს ყველასთვის კარგად ნაცნობ რუსულ ნარატივს – ქართველების მხრიდან ოსების ეთნიკური წმენდის შესახებ.

უფრო მეტიც, სტატიის ავტორი მკითხველს  არ სთავაზობს  ოსების ქართული ხეობიდან დაცლის სხვა სავარაუდო ან/და ამ ალტერნატიულ ვერსიებს. ავტორი მიზანმიმართულად ცდილობს ქართულ მხარეს ბრალი დასდოს ოსების ეთნიკურ ჩაგვრაში და ამბობს, რომ ყაზბეგის რაიონის სოფლებიდან ოსების მიგრაციის საფუძვლები მათ ეთნიკურობაში და ამ ნიადაგზე შექმნილ პრობლემებში უნდა ვეძებოთ მაშინ, როცა აღნიშნული პრობლემა, მაღალი ალბათობით ეკონომიკური[1] ხასიათისაა და ის, საქართველოს მთიანეთისთვის ერთობ დამახასიათებელია[2] – საქართველოს მთიანეთში, გამოკითხული მოსახლეობის 9-13% შიმშილობს – სწორედ ასეთი შედეგები აჩვენა “ოქსფამ”-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ, სწორედ ეს სიდუხჭირე უნდა იყოსრაც საქართველოს მთიანეთიდან მოსახლეობის მიგრაციის ძირითადი მიზეზი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხსენებული „სტატიის“ ავტორს თავისი ნააზრევის გამოქვეყნების შესაძლებლობა მიეცა, მიზნად უნდა ჰქონდეს დასახული თუ კონფლიქტის თუ პირდაპირი არა, ირიბი პრევენცია და დაშორიშორებულ მხარეებს შორის მშვიდობის შენება. ასეთი დაშვების შემთხვევაში, მსგავსი „საინფორმაციო ოპერაციის“ შედეგად, ძნელად წარმოსადგენია კონფლიქტით დაშორიშორებულმა მხარეებმა რაიმე ტიპის სიკეთე „გაიფორმონ“.

როგორ წარმოგიდგენიათ, კობელი ოსების თითქოს არ შემოშვების ფაქტზე, რა ამბავი ახსენდებათ დანარჩენ საქართველოში? რა თქმა უნდა,  „ერგნეთის შეხვედრები“, სადაც „თბილისი“ ოსური მხარისგან ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნათესავების საფლავების დაუბრკოლებლად მონახულების საკითხს ყოველ ჯერზე დაუღალავად ითხოვს. რა თქმა უნდა, ერთი, მეორეს არ ამართლებს, მაგრამ ჟურნალისტის მხრიდან საქართველოში ოსური ეთნოსის მდგომარეობაზე ცალმხრივი დარდი, საკუთარი დასკვნების ფაქტებად “გასაღება” კიდევ უფრო ვნებს ამ პროცესს.

თანამედროვე კონფლიქტების ხელოვნურად მოუგვარებლობა-მოუწესრიგებლობის საქმეში დაინტერესებული მხარეები (მესამე ძალები), როგორც წესი, ეფექტურად იყენებენ ისტორიის დაუღალავი ქექვის მეთოდს. ეს მეთოდი, კონფლიქტის მოწესრიგების გზაზე, კიდევ უფრო „ეფექტიანია“, თუ ადგილი „არაკომპეტენტურ ჩარევასაც“ აქვს. სამწუხაროა, რომ ცხინვალელი ჟურნალისტი თავის სტატიაში სწორედ ამ გზას ირჩევს. თუმცა, ეს გზა მას მაქსიმუმ მეფის რუსეთამდე თუ მიიყვანს, რადგან აშკარაა, რომ ავტორი ისტორიულ ასპექტში არ იცნობს საქართველოში ოსების შემოსვლის საერთო სურათს.

ჩვენ კი,  ნამდვილად შეგვიძლია „წავიდეთ შორს“. მაგალითად თემით დაინტერესებულთათთვის ამ საკითხზე საუკეთესო სახელმძღვანელოებია როლანდ თოფჩიშვილის ნამუშევრები. თოფჩიშვილის თქმით, ოსები საქართველოში XVI საუკუნეში შემოდიან და დვალეთში[3], საქართველოს ისტორიულ მიწაზე სახლდებიან. აქ საყურადღებოა, რომ ცარიზმმა, დვალეთი ქართლ-კახეთთან ერთად შეიერთა.

საერთოდაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველო-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი – 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი  საქართველოს სახელით – დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ და რუსეთის სახელით – საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ლევ კარახანმა მოაწერეს. ამ პერიოდის რუკის ნახვა კი ყველა დაინტერესებულს შეუძლია აი, ამ ბმულზე აქ.

ახლა ხომ წარმოგიდგენიათ სადამდე შეიძლება წავიდეს კამათი ე.წ. „ისტორიულ სამართლიანობაზე“? თუ წარმოგიდგენიათ, მაშინ, არც იმის წარმოდგენაა ძნელი, ეს „ჩვენი შორს წასვლა“, სადამდე მიგვიყვნას ან ერთ, ან მეორე მხარეს.

ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაუგებარია მსგავსი პუბლიკაციის  მიზანი, როდესაც ავტორი მიზანმიმართულად ამახინჯებს ფაქტებს და რეალობას, არ ცდილობს მკითხველისთვის პრობლემის „მრავალფეროვნების“ ჩვენებას, ვერ ახერხებს პრობლემის შინაარსისა და ფორმების კლასიფიკაციას, არ ცდილობს ისტორიული სურათის ობიექტურ რეკონსტრუქციას, არ ეყრდნობა ისტორიულ წყაროებს…

მოკლედ, ერთადერთი რაც მის მიერ მოყვანილ ფაქტებს აერთიანებთ, ეს არის მცდელობა – შექმნას საქართველოში ოსების ეთნიკური ჩაგვრის სურათი და ამ სურათის შესაქმნელად მისთვის სულ ერთია, რატომ არ შეუშვეს საზღვარზე ადამიანები; შეუშვეს თუ არა საერთოდ; რატომ იცლება მთა მოსახლეობისგან საქართველოში; რატომ ცხოვრობენ იქ მხოლოდ მოხუცები; რა როლს თამაშობს ამ გზაზე ეკონომიკური პროცესები; რატომ არ უშვებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ნათესავების საფლავებზე და ა.შ. შედეგად „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მხარდაჭერილი სტატია ჩვეულებრივ „ფეიქ-ნიუსს“ ემსგავსება და კიდევ უფრო მძაფრად გვაგრძნობინებს პროპაგანდისტული მანქანის ეფექტიანობას თანამედროვე “Post-Truth“- ის სამყაროში, სადაც მხოლოდ ის მხარე იმარჯვებს, რომლის „ნარატივიც“ მოახერხებს და გაიკვლევს გზას ამ გართულებულ საინფორმაციო გარემოში, სადაც, ერთ წუთში იმაზე მეტი ინფორმაცია ვრცელდება, ვიდრე ბოლო 30 წელიწადში.

განსაკუთრებით ღიმილისმომგვრელია თავად ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ავტორს ე.წ. ჟურნალისტურტი პროდუქტის შექმნის და გავრცელების შესაძლებლობა დაუდასტურებელ ფაქტზე მსჯელობისთვის მიეცა. ამ შემთხვევაში, გაუგებარია ის ჟურნალისტური სტანდარტი, პრინციპი, თუ ნორმა, რომელმაც  ცალკე „ნეტგაზეთს“ და ცალკე ალან პარასტაევს, დაუდასტურებელ ამბავზე მსჯელობის და დამახინჯებული ფაქტების გავრცელების შესაძლებლობა მისცა…  რა მივიღეთ შედეგად? ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობისადმი მტრულად განწყობილი ინდივიდის მიერ გავრცელებული „ფეიქ-ნიუსი“/დეზინფორმაცია რომელიც:

  • არასწორად გაბათილების (DEBUNKING) შემთხვევაში, კიდევ უფრო ძლიერდება და ჩვენს გონებაში მტკიცედ ილექება;

 

  • თავის კვალს ტოვებს მაშინაც კი, როდესაც თქვენ დადასტურებულად იცით, რომ ოდესღაც მიღებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა;

 

  • მომხმარებლისთვის გასაგებ, მარტივ ენაზე გადმოცემული, ვიზუალური კომპონენტებით გამდიდრებული რთული ნარატივის ეფექტიანი კომუნიკაციის ინსტრუმენტია;

 

  • მორგებულია სოციალური ქსელის შესაძლებლობებსა და მახასიათებლებზე, ასევე, ადამიანის ინფორმაციისა და მიდრეკელებებზე;

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლის გათვალისწინებით, ლოგიკურად ჩნდება ვარაუდი, რომ აღნიშნული სტატია რუსეთის მიერ საქრთველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ოპერატიული დონის მიზნების ნაწილია, რომლის მთავარი ამოცანა ქართველი ხალხის დემორალიზაცია-დაშინება, ხოლო სტრატეგიულ ამოცანას – ქართული სახელმწიფოებრიობის დაკნინება/მოსპობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნებსა და ამოცანებისთვის არის შექმნილი ნარატივი, რომლის ქართულ მედიაში გამოჩენა/გამეორება გარკვეულ ეჭვებს ბუნებრივად ბადებს.

რა გვაძლევს აღნიშნულის თქმის საფუძველს? ყველაფერი ის, რაც ზემოთ უკვე წაიკითხეთ. ამ ჭრილში კი, კიდევ უფრო საინტერესოა თავად „ნეტგაზეთის“ სასაცილო პასუხი-უარი, რომელიც პარასტაევის სტატიაზე ჩემი პასუხის (წინამდებარე სტატიის) „ნეტგაზეთშივე“ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მივიღე.

ბოლოს რა? არაფერი. უბრალოდ, შეგვიძლია მამარდაშვილიც გავიხსენო, რომელიც ასეთ რამესაც ამბობდა:  “სულ არ არის საჭირო იცოდე ისტორია, რომ მიხვდე, საბჭოთა გაზეთები იტყუებიან; ამისათვის საკმარისისია იცოდე, რომ არის ენები, რომელზედაც სიმათლე არ ლაპარაკობს“.

 

 

[1]https://goo.gl/B7YDrb – მთაშიმოსახლეობის 13% შიმშილობს – რაფატქორებიუშლისხელსმთიანეთისგანვითარებას

[2]https://www.radiotavisupleba.ge/a/mtis-kanoni/26586911.html– კანონი, რომელმაცმთასუნდაუშველოს

[3]https://goo.gl/oXpw3c – რ. თოფჩიშვილი – ქართველთაეთნიკურიისტორიადასაქართველოსისტორიულ – ეთნოგრაფიულიმხარეები (ნაწილი II)

 

===========================================================================

რედაქციისაგან:

თუ “ნეტგაზეთი” ან ალან პარასტაევი ჩათვლიან საჭიროდ, უპასუხონ სტატიის ავტორ გიორგი მოლოდინს, ჩვენ სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ მათ საპასუხო წერილს.